რემონტის დაწყება ყოველთვის დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რომელთა შორის პირველი და უმთავრესი სამშენებლო მასალები და მათი სწორად შერჩევაა. ხარისხიანი მასალა არა მხოლოდ ვიზუალზე, არამედ თქვენი სახლის მდგრადობაზეც აისახება.
ამ სტატიაში განვიხილავთ, სად ვიყიდოთ მასალები ყველაზე ხელსაყრელ ფასად და რა უნდა ვიცოდეთ ტრანსპორტირების შესახებ.

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი სამშენებლო და სარემონტო მასალები?
მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რაში იხდით ფულს. ხშირად ვიზუალურად მსგავსი მასალების ფასი მკვეთრად განსხვავდება, რაც ბევრს აბნევს. მაგალითისთვის, წებო-ცემენტის ყიდვისას მხოლოდ დაბალ ფასს ნუ გამოეკიდებით – მთავარია, რამდენად გამძლეა და რამდენად კარგად ეკვრის ზედაპირს. არასწორად შერჩეული მასალის გამო შესაძლოა, მაგალითად, ფილა აძვრეს ან დაიბზაროს, რაც საბოლოოდ გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ.
პრაქტიკული რჩევა: სამშენებლო მასალების შეძენამდე გადაამოწმეთ დამზადების თარიღი. განსაკუთრებით ფხვიერი მასალების (ცემენტი, გაჯი) შემთხვევაში, ვადაგასული პროდუქტი თავის თვისებებს კარგავს და მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სად ვიყიდოთ მასალები? (გორგია, დომინო თუ ელიავა)
თბილისსა და რეგიონებში არჩევანი დიდია, თუმცა თითოეულ ლოკაციას თავისი სპეციფიკა აქვს:
1. გორგია (Gorgia) – ფართო ასორტიმენტი და ტექნიკური სერვისი
„გორგია“ ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში, სადაც შეგიძლიათ როგორც სამშენებლო მასალების, ისე საოჯახო ტექნიკის შეძენა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა საფასო კატეგორიის პროდუქციას, რაც საშუალებას გაძლევთ, ბიუჯეტის მიხედვით შეარჩიოთ სასურველი მასალა.
მომხმარებელთათვის განსაკუთრებით ღირებულია ის ფაქტი, რომ კომპანიას აქვს საკუთარი ტექნიკური სერვის-ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკის შეკეთებას (საგარანტიო და არასაგარანტიო) მთელი საქართველოს მასშტაბით. სერვისი ეხება როგორც მსხვილ და წვრილ ტექნიკას (მაცივარი, სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, ბლენდერი), ისე გათბობა-გაგრილების სისტემებს.
მიწოდება: 500 ლარზე მეტი ღირებულების შენაძენის მიწოდება უფასოა თბილისსა და რეგიონულ ცენტრებში. თბილისში ნივთს მიიღებთ 2 სამუშაო დღეში, რეგიონებში კი – 3-4 დღეში.
2. დომინო (Domino) – მოწესრიგებული ონლაინ სერვისი და მიტანა
„დომინო“ ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი არჩევანია მათთვის, ვინც რემონტის დაგეგმვისას დროსა და კომფორტს აფასებს. აქ პროდუქცია კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული, რაც ძებნას ამარტივებს. მისი მთავარი უპირატესობა მოწესრიგებული ონლაინ მაღაზიაა, სადაც მარაგებისა და ფასების ნახვა შეგიძლიათ.
მიტანის პირობები: დომინო გამოირჩევა მკაფიოდ გაწერილი ლოჯისტიკით, რაც ხარჯების წინასწარ განსაზღვრაში დაგეხმარებათ:
- უფასო მიტანა თბილისში: მოქმედებს 100 ლარზე მეტი ღირებულების (50 კგ-მდე) ან 500 ლარზე მეტი ღირებულების (1000 კგ-მდე) შენაძენზე.
- სწრაფი სერვისი: თუ შეკვეთას თბილისში დღის 13:00 საათამდე გააფორმებთ, ნივთებს იმავე დღეს მიიღებთ.
- მიტანა რეგიონებში: მომსახურება ფარავს მთელ საქართველოს. რეგიონებში ტრანსპორტირება, როგორც წესი, 4-5 სამუშაო დღეს საჭიროებს.
- თვითგატანა: შეგიძლიათ ნივთები ონლაინ შეიძინოთ და თავად გაიტანოთ ჰიპერმარკეტიდან 10 დღის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ: ტრანსპორტირება არ გულისხმობს მასალების ჩამოცლას ან სართულზე ატანას, ამიტომ წინასწარ იზრუნეთ დამხმარე ძალაზე.

3. ელიავას ბაზრობა – მრავალფეროვნება და ინდივიდუალური შერჩევა
სამშენებლო მასალები ელიავაზე კვლავ რჩება ყველაზე მოთხოვნად არჩევანად მათთვის, ვინც სპეციფიკურ პროდუქტს ეძებს ან ფასზე უშუალოდ გამყიდველთან შევაჭრება სურს. ეს სივრცე განსაკუთრებით მოსახერხებელია, როდესაც არასტანდარტული ზომის მასალები ან ისეთი წვრილმანი დეტალები გჭირდებათ, რომელთა პოვნა დიდ ჰიპერმარკეტებში ხშირად რთულია.
რა უნდა გაითვალისწინოთ:
- ვაჭრობის პროცესი: აქ ფასები ფიქსირებული არ არის, რაც გაძლევთ შანსს, პროდუქტის დიდი რაოდენობით ყიდვისას მნიშვნელოვანი ფასდაკლება მიიღოთ.
- ხარისხის შემოწმება: მარკეტებისგან განსხვავებით აქ პროდუქცია სხვადასხვა პირობებში ინახება, ამიტომ მასალის (განსაკუთრებით ხის ან ფხვიერი ნარევების) შერჩევისას მეტი ყურადღება გმართებთ.
- ლოჯისტიკა: ელიავაზე ტრანსპორტირების მოგვარება იქვე, კერძო გადამზიდავებთან შეგიძლიათ, თუმცა ფასი წინასწარ უნდა შეათანხმოთ.
სამშენებლო მასალები საბითუმო ფასად და მიტანის პირობები
თუ დიდ პროექტს იწყებთ, მნიშვნელოვანია იპოვოთ სამშენებლო მასალები საბითუმო ფასად. საბითუმო შესყიდვა საშუალებას გაძლევთ ბიუჯეტის 15-20% დაზოგოთ.
ტრანსპორტირება: რემონტის პროცესში ლოჯისტიკა ხშირად შეფერხებების მიზეზი ხდება. ამიტომ, წინასწარ დააზუსტეთ, გთავაზობთ თუ არა მომწოდებელი სერვისს: სამშენებლო მასალები მიტანით.
- თბილისში: მიტანა ჩვეულებრივ 24 საათში ხდება.
- რეგიონებში: რაც შეეხება რეგიონებს – მაგალითად, თუ სამშენებლო მასალები ბათუმში გჭირდებათ ან იმერეთის რეგიონიდან აპირებთ შეკვეთას, გაითვალისწინეთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება მანძილის მიხედვით დათვლილ ტარიფზე იქნება დამოკიდებული.
როგორ დავზოგოთ? მეორადი სამშენებლო მასალები
ეკონომიის მიზნით, ბევრი იყენებს ისეთ შესაძლებლობას, როგორიცაა მეორადი სამშენებლო მასალები. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ნივთებს, რომლებიც არ კარგავენ თვისებებს დროთა განმავლობაში:
- ხის მასალა: ძველი ფიცრები ხშირად უფრო გამომშრალი და მდგრადია, ვიდრე ახალი, „ნედლი“ მასალა.
- აგური: ძველი აგური დღეს დიზაინში ძალიან ძვირად ფასობს.
- ლითონის კონსტრუქციები: არმატურა, მილები ან რკინის კარები, რომლებიც კარგ მდგომარეობაშია.
არ გირჩევთ მეორადი ელექტროგაყვანილობის ან სანტექნიკის გამოყენებას – აქ რისკი გაცილებით მეტია, ვიდრე დაზოგილი თანხა.
მეორადი მასალების მოსაძიებლად რამდენიმე გზა არსებობს:
- სპეციალური სავაჭრო ზონები: თბილისში ასეთი ტიპის მასალების (რკინა, ხე, აგური) საწყობები ძირითადად თავმოყრილია ისეთ სამრეწველო ზონებში, როგორიცაა ფეიქრების ქუჩა ან კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიები.
- ონლაინ პლატფორმები: ყველაზე მარტივი გზა Mymarket.ge-ს ან Facebook-ჯგუფების გამოყენებაა, სადაც ხშირად იდება განცხადებები უშუალოდ დემონტაჟის ობიექტებიდან.
როგორ გამოვთვალოთ მასალების რაოდენობა ზუსტად?
იმისათვის, რომ ზედმეტი მასალა არ დაგრჩეთ, გამოიყენეთ ეს პრაქტიკული წესები:
- ფილები: მხოლოდ კვადრატულობის დათვლა საკმარისი არ არის. თუ ფილების დიაგონალურად დაგებას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ კედლებთან ბევრი ფილის სამკუთხედად გაჭრა მოგიწევთ. ფილის დარჩენილ ნაჭრებს ვეღარ გამოიყენებთ, ამიტომ საჭირო ფართობზე დაახლოებით 15%-ით მეტი მასალის შეძენაა რეკომენდებული. ფილების ჩვეულებრივად (სწორ ხაზზე) დაგებისას, იყიდეთ საჭირო რაოდენობაზე 10%-ით მეტი, რათა გქონდეთ მარაგი, თუ ფილას შემთხვევით გატეხთ ან გააფუჭებთ. ასევე, კარგი იქნება, თუ ერთ მთლიან ყუთს სარეზერვოდ შეინახავთ – თუ ოდესმე რომელიმე ფილა გაგიტყდებათ ან მილის შესაკეთებლად აყრა მოგიწევთ, ზუსტად იგივე ფერისა და მოდელის პოვნა გაგიჭირდებათ.
- საღებავი: არ იანგარიშოთ მხოლოდ კედლის ფართობით. სტანდარტულად, 1 ლიტრი საღებავი 10-12 კვ.მ ზედაპირს ფარავს (ერთ პირზე). რადგან ხარისხიანი შედეგისთვის 2-ჯერ შეღებვაა საჭირო, გამოდის, რომ 1 ლიტრი საღებავი საკმარისია 5-6 კვადრატული მეტრი ფართობის ორ ფენად შესაღებად. საჭირო რაოდენობის გამოსათვლელად კედლების ჯამური ფართობი გაყავით 5-ზე ან 6-ზე.
- შპალერი: თუ შპალერს დიდი ნახატები ან ორნამენტები აქვს, მათი ერთმანეთთან დამთხვევისთვის ბევრი ზედმეტი ნაჭრის მოჭრა მოგიწევთ. ასეთ დროს დანაკარგი დიდია, ამიტომ ყოველ 4-5 რულონზე ერთი დამატებითი რულონი იყიდეთ. ყურადღება მიაქციეთ რულონის ეტიკეტს: იქ ყოველთვის მითითებულია, რამდენი სანტიმეტრით უნდა ჩამოსწიოთ შპალერი რომ დაამთხვიოთ ნახატი.
- იატაკის ლამინატი: ფილების მსგავსად, აქაც იანგარიშეთ ფართობი + 5-7%, ხოლო თუ ოთახს ბევრი კუთხე აქვს – 10%.

მნიშვნელოვანია: სანამ მასალას იყიდით, აუცილებლად შეათანხმეთ რაოდენობა თქვენს ხელოსანთან. ხშირად კედლების უსწორმასწორობის გამო (მაგალითად, გაჯით ლესვისას) მასალის ხარჯი საგრძნობლად იზრდება.
რჩევა: მასალების ყიდვამდე აუცილებლად გაეცანით ჩვენს სტატიას რემონტის ფასები საქართველოში, რათა ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი როგორც ხელობის, ისე მასალების ნაწილში.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
სად უფრო იაფია სამშენებლო მასალების ყიდვა ჰიპერმარკეტში თუ ელიავას ბაზრობაზე?
ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ელიავაზე შესაძლოა უფრო მეტად შევაჭრება და ფასის დაკლება, თუმცა ჰიპერმარკეტებს (გორგია, დომინო) ხშირად აქვთ სპეციალური ფასდაკლებები და ონლაინ აქციები, რაც საბოლოო ჯამში უფრო მომგებიანია. ასევე, მარკეტებში ყიდვისას გაქვთ ჩეკი და გარანტია, რაც ბაზრობაზე ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი.
შესაძლებელია თუ არა მასალების უკან დაბრუნება, თუ ზედმეტი ვიყიდე?
დიახ, დიდი ჰიპერმარკეტების უმეტესობა (მაგალითად, დომინო) იბრუნებს პროდუქციას 14 დღის ვადაში. თუმცა, აუცილებელია, რომ პროდუქცია იყოს გამოუყენებელი, შენარჩუნებული ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ქარხნული იარლიყები და დაუზიანებელი შეფუთვა. დაბრუნებისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ ყიდვისას მიღებული ჩეკი. რაც შეეხება ელიავას ან კერძო საწყობებს, იქ დაბრუნების პირობებზე წინასწარ, ყიდვის მომენტშივე უნდა შეუთანხმდეთ გამყიდველს.
როგორ შევამოწმო სამშენებლო მასალების ხარისხი ადგილზე?
მშრალი ნარევების (ცემენტი, გაჯი) შემთხვევაში შეამოწმეთ გამოშვების თარიღი და ტომრის სირბილე – თუ შიგთავსი გამაგრებულია, ეს ნიშნავს, რომ მასალას ნესტი აქვს მოკიდებული. ხის მასალის ყიდვისას დარწმუნდით, რომ ის არ არის სველი, ხოლო ფილების შემთხვევაში – შეადარეთ სხვადასხვა ყუთიდან ამოღებული ფილები, რომ ტონალობა ემთხვეოდეს.
რამდენად საიმედოა მეორადი სამშენებლო მასალები?
თუ საუბარია აგურზე, რკინის კონსტრუქციებზე ან კარგად შენახულ ხეზე – ეს ძალიან კარგი გზაა თანხის დასაზოგად. თუმცა, არასოდეს გამოიყენოთ მეორადი ელექტროგაყვანილობა, სანტექნიკის მილები ან სხვა ისეთი მასალა, რომლის დაზიანებამაც შეიძლება ავარიული სიტუაცია გამოიწვიოს.
შეჯამება
ხარისხიანი სამშენებლო მასალები თქვენი მშვიდი ცხოვრებისა და მარტივი რემონტის გარანტიაა. მიუხედავად იმისა, ელიავაზე იყიდით მათ, გორგიაში თუ დომინოში, მთავარია გქონდეთ ზუსტი გათვლები და ენდოთ გამოცდილ სპეციალისტებს.
